თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მოსახლეობასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, ნათქვამია უწების ვებგვერდზე გავრცელებულ გაცხადებაში.
უწყების თანამშრომლებმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებზე, სახელმწიფო სერვისებზე და სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც ამ ტიპის დანაშაულის შემცირების და მისი პრევენციის წინაპირობაა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ და სოციალური კამპანიის — „ძალა ნდობას“ — ფარგლებში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას უკვე მეორე წელია ახორციელებს. კამპანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.