თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. გმირთა მოედანზე მოხატული მიწისქვეშა გადასასვლელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ შაბათს დააათვალიერა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე ლებულ განცხადებაში.
გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დასრულდა.
მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო, თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით დაასუფთავეს, დაამონტაჟეს განათება და ტერიტორიის გასალამაზებლად მხატვრები მოიწვიეს.
ღონისძიების მონაწილე მხატვრებს დღეს ქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა მოხატული კედლები.
თბილისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.
„ყველაფერი მოწესრიგებულია. ერთადერთი რაც დარჩა გასაკეთებელი ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს არის სათვალთვალო კამერები, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ“, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ახალგაზრდა მხატვრებს შესრულებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს ამ აქციაში მონაწილეობა. ჩამოსულები იყვნენ ასევე უცხოელი მხატვრები და მათაც ძალიან ლამაზი ნახატები აჩუქეს თბილისს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატება. თანაც მხატვრები მერიისგან ანაზღაურებას მიიღებენ.
„ეს იქნება უკვე ანაზღაურებადი ჩვენი მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, — აღნიშნა მერმა.
STEET ART ფესტივალში მონაწილეობა 30-მდე მხატვარმა მიიღო. პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეირჩა 30 მხატვარი, რომლებმაც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე იზრუნეს.