თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პარასკევს, გვიან ღამით კიევში დააკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ პირველად სააკაშვილის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ საკუთარ Facebook–გვერდზე გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს სამართალდამცველებმა კიევში კარვების ქალაქზე მორიგი შეტევა მიიტანეს, სააკაშვილის დაკავება ერთ–ერთ ბინაში მოხდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი კარვების ქალაქიდან გადაიყვანეს.
„მიშას დაკავება მეგობარმა შემატყობინა, ვის ბინაშიც იგი კარვიდან გადაიყვანეს რათა სახლის პირობებში ემკურნალა და საიდანაც აიყვანეს… რაც ახლა მოხდა, ყველაფერი დროებითია, ესაა ბრძოლის ერთ–ერთი მეთოდი. მჯერა ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომაც.
მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი დაკავება დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა.