თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ა. რუსთავის ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს („ყაჩაღობა, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“), რაც ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
შოთა ნოზაძე