თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ყაჩაღური ჯგუფის ხუთი წევრი, რომლებიც ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ზედმეტსახელად „გულის“ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ. დაკავებულებს შორის ორი აზერბაიჯანის, ხოლო სამი საქართველოს მოქალაქეა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც ავტომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხუთი პირი დაესხა თავს.
თავდამსხმელებმა მათ ძალის გამოყენების მუქარით, 140 ათასი აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ასევე, პირადი ნივთები გამოსძალეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა დაადგინეს. დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის — ნ.ს.-ს (ზედმეტსახელად „გული”) დაჯგუფების აქტიური წევრები არიან“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი მომხდარიდან მეორე დღეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ბროლისქედში, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს.
პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი — 90 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11-დან 15 წლამდე ვადით.