ამ მხრივ კანონმდებლობა და შესაბამისი დადგენილებები უკვე ძალაშია, მაგრამ რადგან საქართველოში ამ საქმეს სულ 26 ცენტრი მოემსახურება და პერსონალის კვალიფიკაციაც, 14-წლიანი წყვეტის შემდეგ, განახლებას საჭიროებს, მთავრობამ გადაწყვიტა, ტექდათვალიერება ეტაპობრივად განახორციელოს, რათა აქ მაინც არ შეიქმნას „საცობები“.
დარგში არსებული მდგომარეობის კვლევა და შესამაბისი რეკომენდაციების მომზადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შვეიცარიულ კომპანიას დაუკვეთა. კვლევა უკვე გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე და, რბილად რომ ვთქვათ, ამ სფეროში არსებულ არც თუ სახარბიელო მდგომარეობას ასახავს.
დადებითი მხარეები უდავოა — მოძველებული ავტომობილები, ბუნებრივია, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან და 900 ათასი ავტომობილიდან საქართველოს გზებზე მხოლოდ ისინი იმოძრავებენ, რომელთაც შესაბამისი კატალიზატორი და უსაფრთხოების ნორმები დაცული ექნებათ. თუმცა სპეციალისტები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რაც ტექდათვალიერების შედეგად წარმოიქმნება. ესაა სოციალური პრობლემა — ბევრი ადამიანი ისეთი მანქანით გადაადგილდება ტაქსის სახით და გადაჰყავს მგზავრები, რომ ტექდათვალიერების გავლა კი არა, შეხედვითაც აშკარაა, რომ მისი მოძრაობა არ შეიძლება. მეორეც — სანამ ბენზინის ხარისხი შესაბამისად არ გაკონტროლდება, ევროდირექტივების შესრულება გაგვიჭირდება. ეს დირექტივა კი ევრო-5 სტანდარტის ბენზინის ჩასხმას გულისხმობს ავტომობილში, რომელიც შედარებით ნაკლებად აზიანებს გარემოს. ბენზინის ხარისხის კონტროლის გარეშე კატალიზატორები მძღოლებმა კიდევაც რომ დაუყენონ ავტომობილებს, მალე ისევ ისეთ მდგომარეობაში ვიქნებით, როგორშიც დღეს ვართ.
მეორე თემაა საზოგადოებისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რომელსაც, როგორც ვიცით, ეკონომიკის სამინისტრო იანვრიდან გეგმავს. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება იწყება 2018 წლის 1 იანვრიდან. მსუბუქი ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებაზე უნდა მივიყვანოთ 2019 წლის 1 იანვრიდან. თუ როდის, ეს დამოკიდებულია თქვენი მანქანის რეგისტრაციის თვეზე. ანუ, რომელ თვეშიც იყიდეთ მანქანა და გაიარეთ რეგისტრაცია, იმ თვეში მოგიწევთ ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერებაც. ამ გზით სახელმწიფო შეეცადა, ავტომანქანების ნაკადი ისე გადაანაწილოს, რომ ტექდათვალიერების ცენტრებში აურზაური არ წარმოიქმნას.
2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერებას გაივლიან სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები, 2018 წლის 1 ივლისიდან — იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებული ავტომობილები, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან — მანქანები, რომელთა ძრავიც 3.0-ია, 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო ხდება ტექდათვალიერება.
26 ცენტრში, რომლებსაც ამ დროისათვის გავლილი აქვთ შესაბამისი პროცედურები, შეამოწმებენ, თუ რამდენადაა გამართული: მუხრუჭი, საჭის მართვის სისტემა, ფარები, ხილვადობა, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და, რა თქმა უნდა, როგორია გამონაბოლქვი. მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების დათვალიერება 100 ლარი ეღირება. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ავტომანქანაა საქართველოში, ბიუჯეტშიც და კომერციულ ცენტრებშიც სერიოზული თანხები შევა. ახალი მანქანების მფლობელები ფინანსურად ხომ პრივილეგირებულები არიან და არც ავტომანქანის ტექდათვალიერება სჭირდებათ, ხოლო მათ, ვისი ავტომობილიც 8 წლის და მეტი ხნისაა, ტექდათვალიერების გავლა ყოველწლიურად მოუწევთ. იმ მფლობელებს, რომელთა ავტომობილებმა ერთი ან ორი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს, ხარვეზის გამოსასწორებად ერთთვიანი ვადა მიეცემათ, ხოლო ახალი დათვალიერებისთვის თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.
მოკლედ, იმედია, ნელ-ნელა საქართველოში ჰაერის, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხი ერთდროულად გამოსწორდება.