რომელ მანქანებს შეეხება სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან - დეტალები

© Sputnik / Levan Avlabreliავტომანქანები თბილისში
ავტომანქანები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალდებულო ტექდათვალიერების დროს შემოწმდება ავტომანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმების გამართულობა და გამონაბოლქვის შესაბამისობა დაწესებულ ნორმებთან

თბილისი, 7 დეკემბერი —Sputnik. 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილები (3.5ტ. ზემოთ), — იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტომობილების ტექდათვალიერების დროს ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს შეამოწმებენ: მუხრუჭებს, საჭის მექანიზმს, სავალი ნაწილს, ხილვადობას, მაშუქებს ანუ ფარებს, საბურავებს და გამონაბოლქვის ნორმებთან შესაბამისობას.

აღნიშნული  სატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო შემოწმებას დღესაც ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესის  არაეფექტურობის გამო, გადაწყდა პროცედურის გამკაცრება.

ინსპექტირების მოწმობის უქონლობის  შემთხვევაში გამკაცრდება საჯარიმო სანქციებიც: ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 200 ლარი. მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ტექდათვალიერების გავლა მაინც მოუწევთ, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მაქსიმუმ 500-ლარიანი საურავი დაეკისრებათ. თუ ავტომფლობელი საურავს არ გადაიხდის, დაჯარიმებულ ავტომობილს მოძრაობის უფლება 6 თვით შეუჩერდება.

მოძრაობა თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა ელოდებათ მძღოლებს ავტომანქანების ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე საქართველოს რეგისტრირებული ყველა ავტომობილი  გაივლის ინსპექტირებას.

2018 წლის 1 ივლისიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან — სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ). აღნიშნული ავტომანქანები მეტ საწვავს მოიხმარენ და მავნე გამონაბოლქვით ჰაერით დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

2019 წლის 1 იანვრიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა დანარჩენი ავტომანქანა გაივლის.

მანქანები აღმაშენებლის გამზირზე წვიმაში - Sputnik საქართველო
ტექდათვალიერების არარსებობის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი 50 ლარით დაჯარიმდება

ტექდათვალიერების 2 წლიანი ეტაპის შემდეგ ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში დადგენილი, ევროკავშირის სტანდარტები. აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს „4+2+1“ სისტემას: კერძოდ, 4 წლამდე მანქანა საერთოდ არ გადის პერიოდულ შემოწმებას, 4-დან 6 წლამდე — ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო შემდეგ —  წელიწადში ერთხელ სავალდებულო ინსპექტირებას ყველა მანქანა გადის.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების — 100 ლარი ეღირება.

ყველა ავტომობილი მწარმოებელი ქარხნის მიერ დადგენილი პარამეტრის მიხედვით მოწმდება. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გააუქმეს. ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ტესტირება ნებაყოფლობითია, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების, ასევე მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილი (რვაზე მეტი) ავტომობილებისთვის — აუცილებელი.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0