თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელ დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო.
ძალოვნებმა სააკაშვილი სამშაბათ დილით დადაკავეს, მაგრამ მიკროავტობუსი, რომელშიც ის ჩასვეს, მისი სახლის ტერიტორიას ორი საათის განმავლობაში ვერ ტოვებდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მომხრეებმა მანქანას ალყა შემოარტყეს, შემდეგ კარები ძალით გააღეს და თავისი ლიდერი მანქანიდან გამოიყვანეს.
„მინდა შევაფასო ის, რაც ეხლა უკრაინაში ხდება. მინდა ძალიან დიდი გაოცება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აჩვენა წარმოუდგენელი უუნარობა, რაც საქართველოს პირობაზეც კი გასაკვირია. ეს ჰგავს უკვე ცირკს, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ, და, პრაქტიკულად, რეკლამირებას უკეთებენ სააკაშვილს“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
მან სამარცხვინო უწოდა სპეცრაზმის მოქმედებას, რომელმაც ვერ შეძლო სააკაშვილის გაყვანა ტერიტორიიდან და პროკურატურის გეგმებს სააკაშვილისთვის სასამართლოში შინაპატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„ის, რომ სპეზრაზმმა პრაქტიკულად ვერ შეძლო სააკაშვილის დაპატიმრება, თუ დაპატიმრება უნდოდათ და დაპატიმრების შემდეგ მანქანით გაყვანა, და ახლა გამოდის გენერალური პროკურორი და ახცადებს, რომ თურმე მხოლოდ შინაპატიმრობა უნდოდათ სააკაშვილისთვის, და არა დაპატიმრება, ეს ძალიან სამარცხვინოა, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის უკრაინა“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.
„თუ ასე გააგრძელებს პოროშენკო, ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს მართლაც გაუჩნდება სერიოზული შანსი, რომ უკრაინაში სერიოზული პრობლემები შექმნას და სერიოზულ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
მომხდარში მან ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის კისერზეა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს მახინჯი კოხაბიტაცია რომ არ დაეწყო სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, და გაესამართლებინა სააკაშვილი იმისათვის, რისთისაც უნდა გასამართლებულიყო ის საქართველოში, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე ის დღეს არის, ჩემი გადმოსახედიდან, ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ თავმოყვარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.
პარლამენტის ექს-სპიკერმა ასევე აღნიშნა. რომ ყველაზე მთავარია ახლა აშშ-ის რეაქცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.
„მე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ამერიკელების რეაქცია, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან ხშირად სააკაშვილის მოქმედებების უკან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები დგას, ასე რომ საინტერესოა მოვლენების შემდგომი განვითარება“, — განაცხადა ბურჯანაძემ.
ამჟამად რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს. გათავისუფლების შემდეგ მან მომხრეებს პარლამენტთან წასვლისკენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნისკენ მოუწოდა.
მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. პროკურატურა აპირებს მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა მოითხოვოს.
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მიზნით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვამ დააფინანსა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ „იანუკოვიჩის გეგმა-რევანში ჩაშალეს“, აღნიშნა მან.