თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი გათავისუფლების ფაქტზე კიევის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება РИА Новости-Украина პროკურატურის პრეს-მდივანზე ნადეჟდა მაქსიმეცზე დაყრდნობით.
იმ მრავალბინიან სახლსა და მის ეზოში, რომელშიც სააკაშვილი ცხოვრობს, მოვლენები რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდებოდა. სანამ ძალოვნები პოლიტიკოსის ბინის კარს ამტვრევდნენ, ის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. ამასობაში მის სახლთან მისი მომხრეები შეიკრიბნენ. როდესაც სააკაშვილი დააკავეს და მიკროავტობუსში ჩასვეს, მისმა მომხრეებმა არეულობა მოაწყვეს, მანქანა ალყაში მოაქციეს და, საბოლოო ჯამში, გაათავისუფლეს ის.
„ჩვენ აღვძარით საქმე უკრაინის სსკ-ის 343-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა, თუ მან ხელი შეუშალა დანაშაულის აღკვეთას ან იმ პირის დაკავებას, რომელმაც ის ჩაიდინა). წინასასამართლო გამოძიებას უკრაინის უშიშროების სამსახურის კიევისა და კიევის ოლქის მთავარი სამმართველო ჩაატარებს“, — განაცხადა მაქსიმეცმა.
აღნიშნული დანაშაული 5 წლამდე ვადით გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევას, ან ექვს თვემდე პატიმრობას, ან ოთხ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.
მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. პროკურატურა აპირებს მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა მოითხოვოს.
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მიზნით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვამ დააფინანსა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ „იანუკოვიჩის გეგმა-რევანში ჩაშალეს“, აღნიშნა მან.