თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ფიქრობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით, ოთხშაბათს გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
უკრაინელი სამართალდამცველები აპირებენ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა მოითხოვონ.
„ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ ხვალ სადღეღამისო შინაპატიმრობის შუამდგომლობა დავაყენოთ“, — განაცხადა ლუცენკომ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გენერალური პროკურატურა აპირებს, სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადოს.
დღეს მიხეილ სააკაშვილის კიევის ბინაში უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. თავად პოლიტიკოსი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელის ხლებას დაუპირებდნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ის დააკავეს, ქუჩაში გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს. მაგრამ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზა ჩაკეტეს და ავტომობილის საბურავები დახვრიტეს, რათა მისი წაყვანისთვის ხელი შეეშალათ. სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ეროვნული გვარდიის ასკაციანი რაზმი გამოეძახებინათ, რათა უწესრიგობა დაეშოშმინებინათ. ამ დროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიტიკოსის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს და ამ მომენტში ის უკვე სახელდახელო მიტინგს აატარებს ევროპის მოედანზე.