თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სკოლის მოსწავლეებს შორის საქმის გარჩევა პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც დანით მძიმე ჭრილობები მიიღეს 16 წლის მოზარდებმა — ლევან დადუნაშვილმა და დავით სალარიძემ. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში.
გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე თ.კ-მ იცოდა, რომ 16 წლის მოზარდმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, თუმცა, ამის შესახებ არ განაცხადა. ის დანაშაულის დამალვისათვის დააკავეს. გარდა ამისა, დანაშაულის შესახებ იცოდნენ მისმა შვილებმაც ლ.კ-მ და მ.კ-მ. მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა — გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყვეს სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.
დანაშულიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ერთი პირის დაკავება შეძლეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდებს შორის კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც არასრულწლოვანმა თანატოლს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ბრალდებული, ასევე არასრულწლოვანი, მიმალვაშია.