სისხლიანი გარჩევა თბილისში: ბრალდებულ მოზარდებს პატიმრობა შეეფარდათ

CC0 / Pixabay / AJEL / მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალი მათ თანატოლებს ედებათ, რომელთაგან ერთმა მიმალვა შეძლო.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორ მოზარდს, რომელთაც ორი არასრულწლოვნის მკვლელობა ედებათ ბრალად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ერთ-ერთ მათგანს — დაუსწრებლად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სკოლის მოსწავლეებს შორის საქმის გარჩევა პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც დანით მძიმე ჭრილობები მიიღეს 16 წლის მოზარდებმა — ლევან დადუნაშვილმა და დავით სარალიძემ. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში.

დადუნაშვილის სავარაუდო მკვლელი დაკავებულია, სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი მიმალვაშია.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
დასახელდა მოზარდების სისხლიანი გარჩევის მიზეზი

Rustavi2-ის ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. სასამართლო სხდომა დახურული იყო, რადგან საქმის ფიგურანტები არასრულწლოვანები არიან.

სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, თუმცა ის დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.

წინასასამართლო მოსმენა 2018 წლის 9 იანვარს ჩაინიშნა.

გამოძიების მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე საქმის გარჩევა იმავე დღეს პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს უკავშირდება.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ პარასკევს, დილით ერთ-ერთ შესვენებაზე №51 სკოლის საპირფარეშოში ორ მეცხრეკლასელს დახვდა ექვსი მეთერთმეტეკლასელი, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. ამან მეცხრეკლასელების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მოგვიანებით ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც 20-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ამ დროისთვის დაკავებულია დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ორი მოსწავლის მამა, რომელსაც ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარნენ.

სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული.

პოლიცია მოწმეების დაკითხვას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0