თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის ყველასთვის ხელსაყრელ გზებს ვეძებთ, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე.
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია „ ევროკავშირი და პარტნიორობა — მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის″ მასპინძლობს, რომელიც თბილისში 4-5- დეკემბერს იმართება. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ტარდება.
კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა.
„შევეცდებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისათვის, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას…", — განაცხადა კონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს იმისთვის, რათა ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
„საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით," — კობახიძის სიტყვებს ციტირებს საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
კონფერენციაში 17 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, ასევე ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. გარდა ამისა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ევროკავშირი იყენებს ბევრ ინსტრუმენტს, რომ ხელი შეუწყოს მეზობელი ქვეყნების განვითარებას…ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, ფიქრს იმაზე, თუ რას მივაღწიეთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და ცხადია, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ გრძელვადიან პერსპექტივაში", — განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
იანოშ ჰერმანის განმარტებით, ევროკავშირის ვალდებულებაა არა მარტო დაინახოს, არამედ აღიაროს ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს. მისი განცხადებით, ევროპის კავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, გაფართოებაზე, ინტეგრაციის საკითხებზე და ამ დებატებში საქართველოც უნდა მონაწილეობდეს.
საქართველოსა და ევროკავშირის-წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში აქტიურად მიმდინარეობს.
2009 წელს საქართველო პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე გახდა, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.
საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.
2017 წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზები გააუქმა.
ხატია გიგოლაშვილი