ამის შესახებ „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ.
ქართული ჩაის ისტორია
ზოგიერთი ისტორიული ცნობით, ჩაი საქართველოში პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც რუსმა დედოფალმა ეკატერინა მეორემ ქართველ მეფე ირაკლი მეორეს სამოვარი და ჩაის სერვისი აჩუქა.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩაის პირველი ბუჩქი საქართველოში 208 წლის წინ თავად გურიელის ეზოში დაირგა (აქედან წამოვიდა ჩაის პოპულარული ქართული ბრენდის სახელწოდებაც). მაგრამ მას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა — ის უბრალოდ ბაღს ამშვენებდა. ხოლო ინდუსტრიალიზაციისათვის პირველი ჩაის ბუჩქები ჩინეთიდან ჩამოიტანეს. იმ დროიდან 170 წელი გავიდა, სწორედ იმ მომენტიდან აღინიშნება ქართული ჩაის დაბადების დღე.
მაშინ ჩაი მდიდარი ადამიანების სასმელი იყო. ჩაის ჭურჭელი არ არსებობდა. შემდეგ კი, როდესაც შენიშნეს, რომ ჩაის კულტურამ საქართველოში კარგად გაიხარა, დაიწყო მისი აქტიური მოყვანა.
ქართული ჩაი საბჭოთა კავშირში
სსრკ-ის დროს ჩაის პლანტაციები საქართველოში 67 ათას ჰექტარს იკავებდა. დღეისათვის კი ქართული ჩაი მხოლოდ ორი ათას ჰექტარზე იზრდება.
საბჭოთა კავშირის დროს ქართული ჩაის წარმოება ხარისხის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებდა. ყოველწლიურად იწარმოებოდა დაახლოებით 120 ტონა პროდუქცია, იკრიფებოდა 500-600 ტონა ჩაის ფოთოლი. ქართული ჩაი საბჭოთა კავშირის ჩაის ბაზრის 87%-ს იკავებდა.
ქართული ჩაის ეპოქის დასასრული
ქართული ჩაის წარმოების გაპარტახება გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. ამაზე იმოქმედა საბჭოთა კავშირის დაშლამ, სამოქალაქო ომმა, ბაზრების დაკარგვამ, წარმოების კლებამ. ქარხნები დაიხურა, პლანტაციები გაპარტახდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა, აღდგენას კი ბევრი დრო და ძალა სჭირდება.
ქართული ჩაი დღეს
რაც შეეხება მის ცნობადობას, 15-20 წელიწადში ის ყველამ დაივიწყა. თუმცა, ქართულ ჩაის ნოსტალგია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დარჩა. საქართველოში ჩაის წარმოება ნელ–ნელა ვითარდება. 2006 წელს ჩვენმა ასოცოაციამ პირველად ჩაატარა ჩაის ფესტივალი, სადაც ქართული ჩაი წარმოდგენილი პროდუქციის მხოლოდ 5%-ს იკავებდა, დანარჩენი იმპორტირებული ბრენდები იყო. დღეისათვის ქართული ჩაი საქართველოს ჩაის ბაზრის 20%-ს იკავებს. ესეც ცოტაა, მაგრამ პროგრესი სახეზეა. გაჩნდა ქართული ბრენდები — „გურიელი“, „თერნალი“, „ქობულეთური ჩაი“, „შემოქმედი“, „ანასეული“, „ტყიბული“, რომლებიც ძალიან ხარისხიან ჩაის აწარმოებენ, მაგრამ ჯერჯერობით მცირე რაოდენობით.
დღეისათის ქართულ ჩაის პოპულარიზაცია სჭირდება. თავისი ხარისხითა და ფასით ქართული ჩაი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია. მთავარია, რასაც დღეისათვის მოითხოვს ქართული ჩაი — ეს არის ცნობადობა უცხოეთში. საქართველო განთქმულია ღვინით, მინერალური წყლებით, ციტრუსებით, თუმცა ჩაი პერსპექტივაში ქვეყნის სავიზიტო ბარათად შეიძლება იქცეს, ამისათვის მას გარკვეული თვისებები გააჩნია.
ჩვენ ამოცანას წარმოადგენს ჩაის სამართლიან კონკურენციაში ჩაყენება. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში იმპორტული ჩაი დემპინგურ ფასად არ შემოდიოდეს. ზოგიერთი ჩაი შემოდის ვადაგასული, ქიმიკატებითა და საღებავებით გაჯერებული, მაგრამ მას კარგი შეფუთვა და დაბალი ფასი აქვს. ამ კუთხით არსებობს არასამართლიანი კონკურენცია. ქართული ჩაი კი ახალია, ხარისხიანი, ფასიც შესაბამისი აქვს. ჩვენ ჩაის შეუძლია დაიკავოს მთელი ქართული ბაზარი და განდევნოს იმპორტული პროდუქტი. შემდეგ ექსპორტზეც დავფიქრდებოდით.
როდესაც მოთხოვნა გაიზრდება, წარმოებაც გაიზრდება, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკა ექსპორტის ხარჯზე გაიზრდება — ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რაც დაეხმარებოდა ევროპაში ქართული ჩაის წინსვლას. ქართული ჩაის პერსპექტივები და პოტენციალი უსაზღვროა, და ამით უნდა ვისარგებლოთ.
ქართული ჩაის უნიკალურობა
რით განსხვავდება ქართული ჩაი — მასში ტანინების დაბალი შემცველობაა, ამიტომაც აქვს ასეთი ნაზი და რბილი გემო. ჩაი, ღვინის მსგავსად, ტანინის მაღალი და დაბალი შემცველობის არსებობს. ერთი მწკლარტეა, მეორე — რბილი. სინაზის გამო ქართულ ჩაის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ინდური ჩაი ძალიან მაღალი ხარისხისაა, მასში ტანინის მაღალი შემცველობაა, თუმცა, მას ძალიან მწკლარტე გემო აქვს. ბევრს მოსწონს ასეთი გემო, ზოგი კი რბილსა და ნაზ ქართულ ჩაის აღმერთებს. ეს იმიტომ, რომ ქართული ჩაის პლანტაციები ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ჩვენ პლანტაციებზე მაღლა უკვე პლანტაცია აღარ არსებობს. სწორედ ეს იწვევს ასეთ რბილ გემოს.