თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მესტიაში „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით გულბანმა განუცხადა.
ადგილობრივების ნაწილი მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სვანეთში დაგეგმილია 35, აქედან 7 მაღალკაშხლიანი ჰესის მშენებლობა. ასევე, სოფელ იელში ჩინურმა კომპანიებმა დაიწყეს ოქროს ინდუსტრიული მოპოვება. მათივე თქმით, ჰესები და ოქროს მოპოვება აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს. მსგავსი პროექტები საფრთხის ქვეშ აყენებს კულტურულ მემკვიდრეობასა და უნიკალურ გარემოს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება. მათივე განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ჰესების მშენებლობა არ შეწყდება, ისინი პერნამენტულ აქციებს დაიწყებენ.
„ახლაც მიმდინარობს აქცია. მოვითხოვთ, შეჩერდეს სამუშაოები. ცხრა კილომეტრის მანძილზე განადგურებულია ბუნება, შემოსული არიან თურქები. არანაირ ახსნა-განმარტებას და ინფორმაციას არ გვაძლევენ, რა მასშტაბის იქნება სამუშაოები და რა სიმძლავრის. ჭალაადის მყინვარისკენ არ ატარებენ მოქალაქეებს, ტურისტებს. თურქები გვეუბნებიან, რომ მათი ტერიტორიაა. შესაბამისად, ვერ ვხვდებით, ზუსტად რა მასშტაბის სამუშაოები ტარდება მყინვართან“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით გულბანმა.
მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეებთან ჯერჯერობით მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის; მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. მათივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა მიმართავს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ ხერხს სვანეთში ჰესებისა და ოქროს მოპოვებითი პროექტების შესაჩერებლად.
„მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო" აწარმოებს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარს შეადგენს.