კვირიკაშვილი: „აბრეშუმის გზის ფორუმი" – ეს არის ძალიან დიდი წარმატება

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმი შეაჯამა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და შედეგი აუცილებლად იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმის შეჯამებისას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.

„აბრეშუმის გზის" ფორუმი საქართველოში მეორედ გაიმართა. ორდღიან ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პრემიერის განცხადებით, ფორუმის მიმდინარეობისას ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, ხელი მოეწერა ათამდე მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელთაგან კვირიკაშვილმა რამდენიმე გამოყო.

დარეჯან დედოფლის სასახლე - Sputnik საქართველო
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი დაესწრება

90 მილიონი ბიზნესის მხარდასაჭერად

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით 90 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური რესურსი გამოყო.

„საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი"

ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის" დაფუძნება. პრემიერის განცხადებით, ეს არის შანხაის უმსხვილესი „ხუასინის" ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და „საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი ფონდი, რომელიც ბიზნეს-პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისთვის, რათა ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს;

სს „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააარსა. მისი 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ფონდის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თაამშრომლობის განვითარება საინვესტიციო პროექტების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიზნით. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს — ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება.

ჩინური ენერგეტიკული კომპანია „ხუასინი" კერძო საწარმოა, რომელიც ენერგეტიკულ საქმიანობასა და ფინანსურ მომსახურებას ეწევა.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
თავისუფალი ვაჭრობა: რისი შეტანა არ შეიძლება ჩინეთში 1 იანვრიდან

მემორანდუმი ჩინეთთან

ასევე, ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა მემორანდუმი ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის ხელისუფლება ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური ზონების ტერიტორიაზე ჩინური საწარმოების შექმნას. ეკონომიკურ ზონებში შეიძლება იყოს ინდუსტრიული ზონები, ინდუსტრიული პარკები, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პარკები, სამრეწველო კლასტერების პარკები, სპეციალური ეკონომიკური ზონები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები.

ანაკლია-ბაქო-კურიკი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ბაქოს საერთაშორისო სატრანსპორტო პორტის დირექტორთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ყაზახეთის კურიკის პორტის დირექტორის მოადგილესთან.

ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისთვის

კურიკის პორტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია.

ეს ხელმოწერები უცხოელი პარტნიორების ანაკლიის პორტით დაინტერესებაზე მეტყველებს. ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

პრემიერის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო, ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სერვისების ჰაბი.

„ყველამ აღნიშნა, რომ ეს ფორუმი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება", — დასძინა მან.

„აბრეშუმის გზის" განვითარება — საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზება, სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ყველა ახალი ამბავი
0