თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილესთან ცეან ქემინგთან შეხვედრის შემდეგ.
შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი პეკინში 2017 წლის მაისში მოეწერა. საქართველოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია უკვე მოახდინა და ახლა ჯერი ჩინეთის პარლამენტზეა.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ორი კვირის წინ აღნიშნულ შეთანხმებას რატიფიკაცია გაუკეთა, ხოლო დღეს ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე", — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, ჩინეთის ბაზარზე გადასახადების გარეშე შევა მთელი ქართული პროდუქცია, გარდა მარცვლეულის, ბრინჯის, ფქვილის, მათ შორის — კარტოფილის, ასევე შალეულის, თამბაქოს ნაწარმის, ხის ცალკეული სახეობებისა და ნაკეთობების, ქაღალდის, შპალერის, კონვერტების, მუყაოსა და სხვა ქაღალდის ნაკეთობებისა, წიგნებისა და ნოტების გამოკლებით.
რაც შეეხება საქართველოს, თავისუფალი ვაჭრობა არ შეეხება საქონლის ხორცის რიგ სახეობებს, ცხვრის ხორცს მთლიანად, კარტოფილს, არტიშოკს, ზეთისხილს, სიმინდს, ნუშს, კაკალს, წაბლს, კივის, ხურმას, გარგარს, ციტრუსებს, ჟოლოს, შაქარს, სპირტიან სასმელებს, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმს.
იხილეთ ასევე: „ჩინეთი წარმოებებს საქართველოში გადმოიტანს: რაზე შეთანხმდნენ პეკინი და თბილისი" >>>
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან გაფორმებული აქვს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
საქართველო და ჩინეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობენ. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. მიმდინარე წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 640,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.