თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" დაესწრება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" თბილისში 28-29 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაქციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გარღმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას 1000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ხორცილედება, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ფორუმი ფოკუსირებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი, ნათქვამია განცხადებაში.
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის (CAREC 2030: Connecting the Region for Shared and Sustainable Development) მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი ჟანგი იქნება. ის, ასევე სპიკერი იქნება პანელებზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის" და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა".
უენჩაი ჟანგმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. იგი პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის დეპარტამენტსა და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ საქმიანობაზე.
29 ნოემბერს, ფორუმის ფარგლებში, იგეგმება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის განხილვა და კერძო და საჯარო სექტორების პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრები. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი მიმართავს.
სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა", რომელიც თბილისში პირველად 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.
აბრეშუმის გზა, რომელიც უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებს დაუკავშირებს, აზიისა და აფრიკის მეგობრობას გაამყარებს.
საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიოროტეტს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იქმნება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო მონაკვეთი ბაქო-თბილისი — ყარსი და ანაკლიის პორტი.