თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა პირადი სურვილით თანამდებობა დატოვა და შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩაიბარა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия ქალაქის მთავრობის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ნიკოლეიშვილს მოადგილის თანამდებობა დავით ნარმანიას მერობის დროსაც ეკავა. კახა კალაძის უფლებამოსილების აღსრულების შემდეგ იგი ერთადერთი იყო, ვინც თანამდებობა შეინარჩუნა. ზოგიერთი ქართული მედია აცხადებს, რომ ნიკოლეიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი კახა კალაძესთან უთანხმოება იყო, თუმცა არც მერი და არც ნიკოლეიშვილი ამას არ ადასტურებენ.
„ორშაბათიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვარ. ეს უბრალოდ სხვა სამსახურში გადასვლაა, სხვა რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო? კახისთან მრავალი წელია ვმეგობრობ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2–ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას.
კალაძემ 21 ოქტომბერს გამართული თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა, 12 ნოემბერს კი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. მოგვიანებით მან თბილისის საკრებულოში ქალაქის მთავრობის განახლებული შემადგენლობა – თავისი მოადგილეები, საქალაქო სამსახურებისა და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები – წარადგინა.
ადრე ოპოზიციამ დავით ნარმანიას გუნდის წევრის ნიკოლაიშვილის მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენა გააპროტესტა, თუმცა, საკრებულომ კალაძის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ საკრებულოში 50 ადგილიდან 40 აქვს.