თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა თავის მოადგილედ და უწყების საპარლამენტო მდივნად დანიშნა ნათია მეზვრიშვილი, რომელსაც ქვეყნის მთავარ პროკურატურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ამგვარად, მეზვრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეხუთე მოადგილე გახდა.
თავად გახარია ქვეყნის პირველი პოლიციელი 13 ნოემბერს გახდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა.
ნათია მეზვრიშვილი სამართლის მაგისტრია. 2007-2009 წლებში ის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, იყო საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.
2013 წლის დეკემბრიდან მეზვრიშვილი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ნათია მეზვრიშვილი არის მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.