თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ტერორიზმში ბრალდებული, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს, ციტირებს საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ტელეკომპანია „იმედი“.
ტერორიზმში ბრალდებული, რომლის ვინაობასაც ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ ახმაურებენ, 21 ნოემბერს თბილისში სპეცოპერაციის მსვლელობისას დააკავეს.
სახალხო დამცველი დაკავებულს შეხვდა.
როგორც ნანუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს იარაღი ჰქონდა, ის ტერორიზმთან კავშირს უარყოფს.
„დაკავებული ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ტარდებოდა სპეცოპერაცია. როგორც ის აღნიშნავს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა იქიდან. ასევე უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა“, — თქვა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ამ საქმეზე.
თბილისში 22 ნოემბერს, ღამით ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ოპერაციის დროს დაიჭრა სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი, ხოლო ერთი დაიღუპა.
შოთა ნოზაძე