თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებულ პირს 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.
თბილისში ოთხშაბათს, ღამით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. დაიწვა რამდენიმე ბინა, სადაც შესაძლო ტერორისტები იმალებოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია სამი პირი. ყველა მათგანი უცხოელია.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ხუთშაბათს წაუყენეს. ის უკვე მოინახულა ადვოკატმა, რომელმაც დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა და თუმცა, განაცხადა, რომ ის რუსეთის მოქალაქეა.
პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულთან დაკავშირებით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. რა შუამდგომლობით მიმართავს ადვოკატი სასამართლოს, ჯერჯერობით უცნობია.
„ამ შემთხვევაში მე არ შემიძლია რაიმე სახის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რამდენადაც ბრალდებულთან შეთანხმება მაქვს", — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" იმედა ქარქაშაძემ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება" და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადატანა, გაგზავნა ან გაყიდვა", რაც 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა. სხეულის დაზიანებები მიიღეს ასევე შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა.