თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სავარაუდო ტერორისტების გაუვნებელყოფის სპეცოპერაცია თბილისში, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახმედ ჩატაევის მუქარას უკავშირდება, მიიჩნევს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
საქართველოს სპეცრაზმისა და პოლიციის ძალები წუხელ ღამით ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე გადაისროლეს — გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში შეიარაღებული ძალები გამაგრდნენ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ახმედ ჩატაევმა ჩვენს ხელისუფლებას მუქარის წერილი გამოუგზავნა და აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებას დაიწყებს, რათა ტურისტები აქ აღარ ჩამოვიდნენ", — განაცხადა არეშიძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
ბოლო დროს საქართველოში ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით კამათი მიმდინარეობს. მასმედიის მტკიცებით, ის, შესაძლოა, მონაწილეობდა 28 ივნისს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებაში. რამდენიმე წლის წინ რუსეთის მოქალაქე ჩატაევი საქართველოში საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ის გაამართლა.
რაც შეეხება ბორჩაშვილს, 2015 წლის ივნისში პანკისის ხეობაში ქართველმა სპეცსამსახურებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს.
ესენი არიან გიორგი ხუტუნიშვილი, დავით ფირისებია, გიორგი კუპრავა, ასევე იმამი აიუფ ბორჩაშვილი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, არცთუ მცირე როლი შეასრულა ახმეტის რაიონის ახალგაზრდების რადიკალიზაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს აიუფ ბორჩაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დამნაშავედ აღიარა და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.