თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
თბილისის გარეუბანში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ორი ეჭვმიტანილის დაკავების კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები.
სუს-ის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან. სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აღნიშნულ პირებთან ჩაბარების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს″, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.
სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ, იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.
ხატია გიგოლაშვილი