თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. გრიგოლ ყიფშიძემ თბილისში 26 ნოემბერს გამართულ „საბავშვო ევროვიზია 2017“-ზე მეორე ადგილი დაიკავა.
კონკურსის გამარჯვებული 188 ქულით პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, რომელმაც სიმღერა „ფრთები“ შეასრულა. 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე სიმღერით „გულის ხმა“ მას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა. მან 185 ქულა დააგროვა.
იკითხეთ ასევე: „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული რუსეთი გახდა >>>
მესამე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა (172). ხუთეულში ასევე შევიდნენ ნიდერლანდები და ბელარუსი. უძლიერესთა ათეულში მოხვდა სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, მალტა და სერბეთი.
ქულათა უდიდესი რაოდენობა — 12 ქულა საქართველოს მისცა რუსეთმა, პოლონეთმა, ბელარუსმა, უკრაინამ და ალბანეთმა. ავსტრალიისგან, ირლანდიისგან, მალტისა და მაკედონიისგან საქართველომ 10 ქულა მიიღო, სერბეთმა 8, ხოლო იტალიამ — 6 ქულა მოგვცა. კვიპროსმა საქართველოს 3 ქულა მისცა.
2017 წლის კონკურსში მონაწილეობას სულ 16 ქვეყანა იღებდა.
კენჭისყრის შედეგების 50% განსაზღვრა პროფესიულმა ჟიურიმ, ხოლო დანარჩენი 50%- ონლაინ-კენჭისყრამ.
კონკურსის კიდევ ერთი სიახლე — „ევროპის სამაუწყებლო კავშირმა“ გამარჯვებულის მთავარი ჯილდო დააწესა. ჯილდო ცნობილ შვედურ კომპანია Kosta Boda-ში დიზაინერ კიელ ენგმანის მიერ შემუშავდა. ამიერიდან ჯილდოს მთავარი დიზაინი ერთიანი გახდება და მომდევნო გამარჯვებულებს გადაეცემა. მთავარი ჯილდო წარმოადგენს შუშის მიკროფონს ფერადი ხაზებით ზედა ნაწილში, რომლებიც ბგერების ნაკადებს ასახიერებს.
თბილისში გამართული შოუს წამყვანები იყვნენ ელენე კალანდაძე და ლიზი პოპი (Lizi Pop), რომელმაც საქართველო 2014 წლის ევროვიზიაზე წარადგინა. წამყვანების დუეტმა კონკურსის ფინალში საკუთარი სიმღერა წარადგინა.
იკითხეთ ასევე: პოლინა ბოგუსევიჩი: ფრთები თავისუფლებას ნიშნავს >>>
საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" 2016 წელს მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. პირველად 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.