ლომჯარია პრიორიტეტშია: დასახელდა საქართველოს ომბუდსმენის კანდიდატურა

© Facebook / Nino Lomjariaგენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია
გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ლომჯარია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში მეორე ომბუსდმენი ქალი შეიძლება გახდეს

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს. ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხი კანდიდატიდან, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე წარადგინეს.

ლომჯარიას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კანდიდატურებია: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და პრეზიდენტის შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

„ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებითაც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ ისევდაისევ ეს ადამიანი უნდა იყოს ჩვენი მაკონტროლებელი. თუმცა, მე უნდა ვთქვა, რომ ის იყო ძალიან აქტიური ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, როდესაც ის იყო სამოქალაქო სექტორში“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
რისი გაკეთება მოასწრო ხუთ წელიწადში უჩა ნანუაშვილმა

ცნობილია, რომ მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ლომჯარიას კანდიდატურას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ.

რაც შეეხება მოქმედი ომბუდსმენის უფლებამოსილებას, ის 1 დეკემბერს იწურება.

ლომჯარიას კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და მისი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, ის საქართველოში მეორე ომბუსდმენი ქალი გახდება. 2000-2003 წლებში საქაქრთველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.

ნინო ლომჯარია — დაიბადა ოზურგეთში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ კი — ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (სენტ-ლიუისი, აშშ).

2005 წელს დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სადაც სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა.

2011 წელს ლომჯარია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასულებელი დირექტორი გახდა. 2015 წლიდან ბოლო დრომდე ორგანიზაციაში არჩევნებისა და სამართლის საკითხებში კონსულტანტი იყო.

არის რამდენიმე კვლევის ავტორი, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას და საარჩევნო გარემოს ეხება.

ლომჯარიას არაერთხელ გაუკრიტიკებია მმართველი პარტია, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თავადაც კრიტიკა დაიმსახურა.

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.

სახალხო დამცველს ხუთი წლით ირჩევენ. ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ფრაქციას ან ექვსკაციან დეპუტატთა ჯგუფს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს სულ ექვსი სახალხო დამცველი ჰყავდა: დავიდ სალარიძე, ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ტუღუში და უჩა ნანუაშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0