თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, ალექსანდრე ცისკარიძის წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გამოსცა, იუწყება თსუ-ს ოფიციალური ვებგვერდი.
კემბრიჯის საუნივერსიტეტო გამოცემაში ქართველი ექიმის ნაშრომი პირველად დაიბეჭდა.
24 ნოემბერს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
როგორც წიგნის ავტორმა აღნიშნა, იზრდება ინტენსიური, შეიძლება ითქვას „აგრესიული“ მკურნალობის მეთოდების განვითარება, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია გართულებებთანაც.
„სწორედ ის გართულებები, რომელიც მკურნალობის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს ახასიათებს, მიმოიხილება ჩვენს მიერ შექმნილ ნაშრომში“, — განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.
„მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს — ინსულტის თემას ეხება. ამ თემატიკისადმი მიძღვნილი ასეთი კომპლექსური წიგნი მსოფლიოში პირველად გამოიცა. ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად, წიგნს ორი თანაავტორი ჰყავს — ლუნდის (შვედეთის) უნივერსიტეტის პროფესორი არნე ლინდგრენი და მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ადნან კურეში.
გიორგი შარვაშიძის თქმით, „პირველად საქართველოს ისტორიაში კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობაში ქართველი ექიმის რედაქციით გამოიცა წიგნი, რომლის მომზადებაშიც 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რაც უაღრესად დიდი წარმატებაა მთელი ჩვენი სამედიცინო სკოლის“.
„ეს გახლავთ მსოფლიო მნიშვნელობის წიგნი. ის ფაქტი, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ არის გამოცემული, ბატონი სანდროს და ზოგადად ჩვენი ქართული სამედიცინო სკოლის საერთაშორისო აღიარების აღმნიშვნელია. ამიტომ, მინდა მივულოცო ჩვენს უნივერსიტეტს და მთელ ქვეყანას“, — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
წიგნი ელქტრონული ფორმატით უკვე განთავსებულია Cambridge Core-ს ონლაინ ბაზაში, რომელიც კემბრიჯის აკადემიური გამოცემების გასაერთიანებლად სრულიად ახალ პლატფორმას წარმოადგენს.
პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე „ევროპის ინსულტის ორგანიზაციის“ დამფუძნებელი წევრი და დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტია.