თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ქართველმა ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს — მათ 34 წლის მამაკაცს მოკვეთილი ხელი მიაკერეს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ქირურგმა ზურაბ გოგინაშვილმა.
5 იანვარს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა) მამაკაცი საწარმოო ტრავმით მიიყვანეს — მას მთლიანად მოკვეთილი ჰქონდა მარჯვენა ხელი. მისი მიკერება ქირურგების ზურაბ გოგინაშვილისა და მაია ლობჟანიძის წყალობით მოხერხდა.
„მარჯვენა ხელის რეპლანტაცია წარმატებით დასრულდა. ჩატარდა მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი, ნაპოვნი იქნა დაზიანებული სისხლძარღვები და ნერვები, ვენების ჩანართების მეშვეობით აღდგა მხრის არტერია და ვენები, რის შემდეგაც განახლდა კიდურის სისხლმომარაგება“, — აღნიშნა გოგინაშვილმა.
მედიკოსები ჩატარებული ოპერაციით კმაყოფილი არიან, თუმცა, როგორც გოგინაშვილმა აღნიშნა, სრულ გამოჯანმრთელებამდე პაციენტს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი დასჭირდება.
„რა თქმა უნდა, ასეთი ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია გარკვეული გართულებები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად“, — აღნიშნა გოგინაშვილმა.
ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.