თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ერთი წლის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა, იუწყება „საზოფადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
გუინაშვილმა ცხინვალის საპატიმრო რამდენიმე საათის წინ დატოვა და ის უკვე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
გიუნაშვილს მიმდინარე წლის 3 თებერვალს ბრალად წაუყენეს ქართულ შიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა, ხელყუმბარის აფეთქება და „სამხრეთ ოსეთის სამხედროებზე“ თავდასხმა. მას 20 წლით პატიმრობა მიესაჯა.
„არ ვიცოდი, დილით გამაღვიძეს და გამომიყვანეს. მითხრეს, რომ მათავისუფლებდნენ. მერე იქ ადმინისტრაციის შენობაში იყო აფხაზეთიდან წარმომადგენელი ლაკერბაია. მან მითხრა, რომ აფხაზური მხარის თხოვნით მოხდა. არ ვიცი, რატომ და როგორ. ინფორმაცია არაფერი მაქვს. ის გადმომყვა აქეთ, ჩვენ პოსტამდე, ერგნეთამდე გადმოყვანის პერიოდში. ქართულ მხარეს გადმომცეს, მეტი არაფერი ვიცი“, — ამბობს გიორგი გიუნაშვილი.
ქართული მხარე მოითხოვდა გიუნაშვილის გათავისუფლებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებსი გამართულ ყველა შეხვედრაზე, რომლებიც ერგნეთში ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარეობდა.
„მისი გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. გიუნაშვილის გათავისუფლების ფაქტი არის ძალიან დადებითი, რომელიც თავის მხრივ, პოზიტიურ იმპულსს შესძენს, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატს, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, გიუნაშვილი 2004 წლიდან თავის მშობლიურ სოფელში ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირების „თავდაცვის ჯგუფების“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.
მას ასევე ბრალად ედება ხელყუმბარის აფეთქება 2007 წელს ცხინვალის რეგიონის სოფელ ხელჩუაში. გარდა ამისა, გიუნაშვილს ბრალად ედება 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს „სამხრეთ ოსეთის სამხედროებზე“ თავდასხმა.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.