თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელსაც დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით ცხინვალში 20 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი, უნდა გათავისუფლდეს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.
სოფელ დისევის მკვიდრი, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გასული წლის ივლისში დააკავა. 2017 წლის 3 თებერვალს გამართულმა ცხინვალის სასამართლომ გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი კვლავ იმყოფება ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში. ჩვენი შეფასებით, რომელიც ხაზგასმით დავაფიქსირეთ მონაწილეებთან, რომ ე.წ. განაჩები, რომელიც გიუნაშვილის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი, გამოგონილი, არაარგუნეტირებული და სრულად პოლიტიზებულია. ამიტომ უმოკლეს ვადაში აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანის გათავისუფლება“, — განაცხადა ქემოკლიძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ ქვეყნის ოთხი მოქალაქის გათავისუფლებას მიაღწია, რომლებიც ორშაბათს ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) გამართულ შეხვედრებში ოფიციალური თბილისის, მოსკოვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლების, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.