აბაშიძე კარასინთან პატიმარ გიორგი გიუნაშვილის ბედს განიხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის ივლისში შიდა ქართლის მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დააკავა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სოფელ დისევის მცხოვრები გიორგი გიუნაშვილის ბედი, რომელსაც ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა, დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება.

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 7 თებერვალს გაიმართება.

„პრაღაში შეხვედრა მექნება ევროპელ კოლეგებთანაც და ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იმაზე, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, რა პრობლემებს ვაწყდებით თითქმის ყოველდღე. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი განსახილველად მზადდება ჟენევის ფორმატის ფარგლებშიც… ეს ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტია, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო ბერკეტები ამ ადამიანის გადასარჩენად“, — განაცხადა აბაშიძემ.

საზღვარი ცხინვალის რეგიონთან - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეს ცხინვალში 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცხინვალის სასამართლომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, გიუნაშვილი 2004 წლიდან თავის მშობლიურ სოფელში ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირების „თავდაცვის ჯგუფების“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.

მას ასევე ბრალად ედება ხელყუმბარის აფეთქება 2007 წელს ცხინვალის რეგიონის სოფელ ხელჩუაში. გარდა ამისა, გიუნაშვილს ბრალად ედება 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს „სამხრეთ ოსეთის სამხედროებზე“ თავდასხმა.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან ტარდება. ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0