თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) დე ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რეგიონის მოსაზღვრე სოფლის — დისევის მცხოვრებს გიორგი გიუნაშვილს, ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.
სასამართლო 3 თებერვალს შედგა, თუმცა ამის შესახებ კვირას გახდა ცნობილი.
„ე.წ. სასამართლოს,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად», — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 2004 წლიდან, გიუნაშვილი აქტიურად მონაწილეობდა თავის სოფელში ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირების „თავდაცვის ჯგუფის“ საქმიანობაში.
გარდა ამისა მას ბრალად ედება ხელყუმბარის აფეთქება ხალხმრავალ ადგილას ცხინვალის რეგიონის სოფელ ხელჩუაში 2007 წელს. ამასთან 2008 წელს თავდასხმა სამხრეთ ოსეთის „სამხედო მოსამსახურეებზე“ 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებებისას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო.