თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „რეს“-ზე დაყრდნობით.
მხარეებმა „საზღვრის“ დარღვევისთვის დაკავებულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მოსახლეობის წყალზე წვდომის შესახებ პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრა, ტრადიციულად, სოფელ ერგნეთში გაიმართა.
ბოლო პერიოდში სამხრეთოსურმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის 14 შემთხვევა დააფიქსირა, მათგან 12 ადამიანი საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ქართულ მხარეს დანარჩენებსაც გადასცემენ, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელის მრჩეველმა დავით სანაკოევმა.
შემდეგი შეხვედრა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში 16 მაისს გაიმართება.