თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის მიზეზების დადგენის მიზნით ბათუმში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აჭარის მთავარ საამართველოში მიმდინარეობს სასტუმროს თანამშრომელთა დაკითხვა, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რიგით მოქალაქეებს კი სასტუმროსთან ყვევილები და ანთებული სანთლები მიაქვთ, რათა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი პარასკევს, 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის – ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი.
სასტუმროს ხელმძღვანელობის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გეგმავენ გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღონ და გარდაცვლილთა ოჯახებს მატერიალურად დაეხმარონ.
„გამოძიება თანამშრომელთა დაკითხვის გაგრძელებას აპირებს. ბუნებრივია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გამომძიებელთან გვქონდა კოორდინაცია, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ვაპირებთ, რათა ერთად განვიხილოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა დაშავებულთა დახმარება, ეს იქნება დაკრძალვის ხარჯები თუ მკურნალობის“, — განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში ადვოკატმა კახა წერეთელმა.
სასტუმროსთან ისევ მიდიან ის ტურისტები, რომლებიც ხანძრის დროს შენობაში იმყოფებოდნენ. ნაწილმა ნივთების გამოტანა მოასწრო, ნაწილი კი აცხადებს, რომ სასტუმროში შესვლის ნებას არ აძლევენ, რათა მათ საკუთარი ნივთები, მათ შორის პასპორტები გამოიტანონ.
ამ დროისათვის ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ოთხი დაშავებული აგრძელებს. დანარჩენები გაეწერნენ.
ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდი“ ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა და მისი მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. თურქული მედიის მონაცემებით, სასტუმრო თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, სასტუმროში არსებული სახანძრო კიბე ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
გამოძიება მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რომელსაც ორი და მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დანაშაული ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.