პატრიარქის გამხელილი სურვილი... ანუ მეუფე შიოს დიდი ჯვარი...

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქის მოულოდნელი გადაწყვეტილება და პირველი შეფასებები... ვინ არის მეუფე შიო მუჯირი და დაიკავებს თუ არა ის მომავალში პატრიარქის ტახტს...

ჩემო ერთგულო მკითხველო, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ!… მრავალს დაესწარი, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს! გამორჩეული 23 ნოემბერი გაუთენდა ქვეყანას. ალბათ, ყველასათვის მოულოდნელად კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრე აირჩია… ქაშვეთის წმინდა გიორგობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, ილია მეორემ მრევლს მიმართა, გიორგობა მიულოცა და გადაწყვეტილება გააცნო… 

ბრძანებაში, რომელსაც ხელი 23 ნოემბერს მოეწერა, ნათქვამია — ყოვლადუსამღვდელოესობა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დადგენილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ… თავად მეუფე შიომ ეს გადაწყვეტილება 22 ნოემბრის გვიან საღამოს შეიტყო. როგორც მან აღნიშნა, მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი არგუნა წილად, რომ ღელავს, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია…  

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - Sputnik საქართველო
მიტროპოლიტი შიო: ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია

მეუფე შიო მუჯირი: „მე იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე, ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის… ეს არის განსაკუთრებული ვითარება ჩვენს ისტორიაში… უახლოეს მომავალში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება…“

მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილება გაცხადდა, ლოგიკურად დაისვა კითხვები — რას ნიშნავს მოსაყდრე და იქნება თუ არა მიტროპოლიტი შიო მუჯირი საქართველოს მომავალი პატრიარქი?… 

მოსაყდრე არის მღვდელ-მთავარი, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ორმოცი დღის განმავლობაში პატრიარქის მოვალეობას ასრულებს, ვიდრე წმინდა სინოდი ეკლესიის ახალ წინამძღოლს არ აირჩევს. ილია მეორეს ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რაგდან აქამდე ცნობილი იყო, რომ მოსაყდრის დასახელებას პატრიარქი ანდერძში აპირებდა. 

შიო მუჯირი ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, მაგრამ თეოლოგები აცხადებენ, რომ ილია მეორეს ეს სიმბოლური ჟესტი ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს მეუფე შიო მუჯირის ღია მხარდაჭერაზე… 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი: „დიახ, ეს არ არის მემკვიდრე. ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი განაცხადი პატრიარქის მხრიდან, იმის შესახებ თუ ვის ხედავს ამ მოვალეობის შემსრულებლად. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრის დასახელებას, რადგან ეს არ არის მონარქია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემოდეს პატრიარქობა, მაგრამ ამ ადამიანის მკვეთრი გამორჩევა სიმბოლური მხარდაჭერა ნამდვილად არის…”  

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა თანამოსაყდრე დანიშნა

გამოითქვა მოსაზრება, რომ ილია მეორეს გადაწყვეტილება ასაკთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად განაპირობა იმ დაპირისპირებამ, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა ეკლესიაში. პატრიარქმა აირჩია ენერგიული სასულიერო პირი, რომელიც მასთან ერთად შეძლებს ეკლესიის წინაშე არსებულ სირთულეებთან გამკლავებას…

კანონიკური სამართლის სპეციალისტი ლადო ნარსია: „ილია მეორე საკმაოდ ასაკშია, ჩვენ თვალს ვადევნებთ მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და მის მიერ მოსაყდრის დასახელება პოზიტიური ფაქტია… თანამოსაყდრე ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა შეიძლება ილია მეორე, მიღებული გადაწყვეტილებით, ხაზს უსვამდეს იმას, რომ მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა არის სწორედ შიო მუჯირი…“ 

საკამათო არ არის, რომ ქართულ სამოციქულო ეკლესიაში მეუფე შიო მუჯირი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. თანამოსაყდრედ დასახელება მინიმუმ პატრიარქის ტახტის დაკავების ერთ-ერთ კანდიდატად აქცევს და მაქსიმუმ, უზრუნველყოფს მის გაპატრიარქებას. თუ ძლევამოსილი კათალიკოსი თავისივე სიცოცხლეში მიტროპოლიტ შიოს ეკლესიის საჭეს ანდობს, შესაძლოა, ეს იყოს კარნახი მომავალში წმიდა სინოდისთვის, ვინ უნდა აღასაყდროს საპატრიარქო ტახტზე. მაგრამ, შესაძლოა, ეს ამას არც ნიშნავდეს…

ვინ არის შიო მუჯირი? ილია მეორეს რჩეული სენაკისა და ჩხოროწყუს და ასევე ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია. ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. დიაკვნად 1995 წლის 19 აგვისტოს, მღვდლად 1996 წლის 6 მაისს, ეპისკოპოსად კი 2003 წლის 7 სექტემბერს აკურთხეს. მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს. სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული, სწავლობდა მოსკოვში, წმინდა ტიხონის სასულიერო სასწავლებელში. თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ლოიალურია რუსული ეკლესიის მიმართ და მისი პოლიტიკური ორიენტაცია სწორედ რუსეთისკენაა გადახრილი. ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ შიო მუჯირი ბავშვობის მეგობარია ქართველი ბიზნესმენის ლევან ვასაძის, რომელიც ანტიდასავლური და ფუნდამენტალისტური რიტორიკით გამოირჩევა. სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთთან რაიმე განსაკუთრებული კავშირები კატეგორიულად უარყო. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე კითხვები ერთხანს მაინც დარჩება… 

ანალიტიკოსი ზაზა ფირალიშვილი: „დიახ, მეუფე შიოსთან მიმართებით მთავარი კითხვები განათლების რუსეთში მიღებასა და ლევან ვასაძესთან მის ურთიერთობას უკავშირდება… თუმცა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიაში ძნელად თუ მოიძებნება სასულიერო პირი, რომელსაც განათლება არ მიუღია რუსეთში. ყველა კითხვას საბოლოოდ დრო უპასუხებს…“.

ილია მეორე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას 1977 წლიდან. თეოლოგებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობა აცხადებს, რომ 23 ნოემბრის გადაწყვეტილება განპირობებულია ქართული ეკლესიის მომავალზე ფიქრით…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0