თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. მიტროპოლიტმა შიომ, პატრიარქის მიერ თანამოსაყდრედ დანიშვნის შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრედ დასახელება მისთვის მოულოდნელი იყო და ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან ღელავს.
„ერთი მხრივ, დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა, მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მადლისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ლოცვა-კურთხევის,″- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიტროპოლიტის თქმით, არ იცის, რატომ მიიღო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისი თანამოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილება და თავს ამ მსახურებისთვის უღირსად მიიჩნევს.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დღეს დაასახელა.
პატრიარქის თანამოსაყდრეობა ნიშნავს, უპირველესად, პატრიარქის ავადმყოფობის ან ქვეყნის დიდი ხნის დატოვების დროს მისი მოვალეობის შესრულებას. ამასთანავე, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მართოს ეკლესია და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები.
კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს შეუძლია, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს პატრიარქის ტახტზე, ისევე, როგორც სხვა მღვდელმთავრებს ეძლევათ ამისი კანონიკური უფლება. „თანამოსაყდრე″ არ ნიშნავს პატრიარქის მემკვიდრეს. ის ისტორიული ტერმინია და მეფობისას ან მღვდელმთავრობისას თანაზიარს აღნიშნავს.
ხატია გიგოლაშვილი