თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თბილისელებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მათ ქალაქში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა.
სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდებოდა სროლები და ძლიერი აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი.
„მინდა ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რაიმე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან მიმართებით, არ არსებობს. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს, გაენეიტრალებინათ ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა, ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სპეცოპერაციის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველას ვუთხრა მადლობა – სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სუს-ის, ასევე შსს-ს თანამშრომლებს, მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რატომ იყო ასეთი ხანგრძლივი აღნიშნული სპეცოპერაცია.
„ასევე, მინდა, გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ ოპერაცია გაგრძელდა დიდი ხანი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩვენი სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული, ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავის სიცოცხლის ფასად მოიტანა ეს შედეგი“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოუწოდა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან ამ თემაზე.
„მინდა, მოვუწოდო პოლიტიკოსებსა თუ ექსპერტებს, რომლებიც გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას, ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული მსგავსი სპეკულაციები. მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველა ერთად დავდგებით. იმედია, ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას და, ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხები გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საჯაროდ საუბარი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში თითქმის 24 საათს გაგრძელდა. დამნაშავეები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გამაგრდნენ. რაიონი გადაიკეტა, განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებები.
სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი დაიჭრა. დაჭრილია ასევე შსს-ს განასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.