თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია, რომ სამართალდამცველები ვერ უზრუნველყოფენ თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის მნიშვნელოვანი დეტალების დაცვას.
ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე უცხოელის დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებიან. ადგილზე არ წყდება სროლისა და პერიოდულად აფეთქების ხმები.
ყველა ქართული ტელეარხი პირდაპირ ეთერში გადასცემს კადრებს, სადაც ნაჩვენებია ძალოვანი სტრუქტურებისა და ჯავშანტექნიკის ადგილმდებარეობა. ქარტიაში აღნიშნავენ, რომ ეს საფრთხისშემცველია არამარტო სპეცრაზმელებისთვის, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.
„სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს", — ნათქვამია ქარტიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქარტიაში მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად" მოხსენიება და მათი გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირება, რადგან ამგვარი ინფორმაცია აღვივებს მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს. ქარტია ასევე მოუწოდებს ჟურნალისტებს ყურადღებით გაუშვან ეთერში მოქალაქეთა კომენტარების შემცველი მასალები.
„გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო და ფოტოკადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას ავრცელებენ თვითმხილველი მოქალაქეები", — აღნიშნულია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საზოგადოებაში პანიკა არ უნდა გამოიწვიონ, ამასთან მოქალაქეებს უნდა მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ზოგიერთი მასმედია იუწყებოდა, რომ პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციის გაშუქება შეწყვიტეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა კი განაცხადა, რომ დისლოკაციის კადრები ეთერში მას შემდეგ მოხვდა, რაც სპეცრაზმმა ადგილმდებარეობა შეიცვალა.