თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო ევროვიზია 2017-ის მონაწილე ქვეყნების კენჭისყრა გუშინ, ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე, თბილისის ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მეთხუთმეტე ყოველწლიური საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. წლევანდელი სლოგანია „ანათე".
საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე ფინალში მეცხრე ნომრით გამოვა. მუსიკალურ შოუს გახსნის კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლ ნიკოლაუ, ხოლო დაასრულებს იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიორე.
მონაწილეთა გამოსვლის თანმიმდევრობა ამგვარია
1. კვიპროსი
2. პოლონეთი
3. ნიდერლანდები
4. სომხეთი
5. ბელარუსი
6. პორტუგალია
7. ირლანდია
8. მაკედონია
9. საქართველო
10. ალბანეთი
11. უკრაინა
12. მალტა
13. რუსეთი
14. სერბეთი
15. ავსტრალია
16. იტალია
რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვებისთანავე აცნობეს. თუმცა, მოზრდილთა „ევროვიზიისგან" განსხვავებით, ბავშვთა კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანას მომდევნო წელს კონკურსის ჩატარების უფლება ავტომატურად არ ენიჭება. საქართველოში შოუს ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.
საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" 2016 წელს მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. პირველად 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.