თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი, 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება სიმღერით „გულის ხმა", რომლის პრეზენტაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე პარასკევს გაიმართა.
რიგით მეთხუთმეტე ყოველწლიური საბავშვო კონკურსი ევროვიზია 2017 სლოგანით "ანათე" თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2017 წლის 26 ნეომბერს გაიმართება.
„გულის ხმა" — სიმღერა ნათელ გრძნობებზე, მშვიდობიან ცასა და პლანეტაზე, იმაზე, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შენი გულის ხმას უსმინო. კომპოზიციის ავტორია გიგა კუხიანიძე, სიტყვები — თემო საჯაიასი. სიმღერა ქართულ ენაზეა.
ოფიციალური კლიპი შავ-თეთრ ფერებში, რეტროს სტილშია ჩაწერილი.
შეგახსენებთ: რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა.
იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა, 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვებისთანავე აცნობეს. თუმცა, მოზრდილთა „ევროვიზიისგან" განსხვავებით, ბავშვთა კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანას მომდევნო წელს კონკურსის ჩატარების უფლება ავტომატურად არ ენიჭება. საქართველოში შოუს ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.
საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.
ამჟამად 2017 წლის კონკურსზე მონაწილეობა დაადასტურეს საქართველომ, რუსეთმა, უკრაინამ, სომხეთმა, ბელარუსმა, ირლანდიამ, კვიპროსმა, მალტამ, სერბეთმა, ალბანეთმა, პორტუგალიამ, მაკედონიამ, პოლონეთმა, ავსტრალიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა.