თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით თბილისისა და რუსთავის ციხეების ყოფილი ხუთი თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საუბარი მიდის 2011-2012 წლებში მომხდარ დანაშაულებზე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი თანამშრომლებთან ერთად, დასჯისა და დაშინების მიზნით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მსჯავრდებულებს და მათ ღირსებასა და პატივს ლახავდნენ.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ საპატიმროს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან მსგავს ქმედებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რათა მსჯავრდებულები უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ მათ. ბრალდებულები პატიმრებს უზღუდავდნენ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლებას. პატიმრებს, რომლებიც ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდნენ, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.
რაც შეეხება რუსთავის №6-ე საპატიმროს, გამოძიების ცნობით, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებმა მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი მეთოდი შეიმუშავეს. კერძოდ, ისინი პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
რუსთავის, ისევე როგორც თბილისის საპატიმროში, პატიმრებზე დაცინვას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, აღნიშნეს პროკურატურაში.
გამოძიების ფარგლებში 800 მსჯავრდებული დაკითხეს.
საქმეზე გამოძიება აღიძრა სსკ-ის შესაბამისი მუხლით — „მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ".
ბრალდებულებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველოს პროკურატურის მიერ, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა კვლავ გრძელდება.