„ციხის სკანდალი“ საქართველოში: ბრალდებულები პატიმრობაში არიან

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2011-2012 წლებში პატიმრების წამებაში ბრალდებული პირები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პატიმრობაში დარჩებიან.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ციხის სკანდალის“ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, პატიმრობა შეუფარდა ექვს დაკავებულ პირს, რომელთაც პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა ედებათ ბრალად, განუცხადეს  „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს პრეს-სამსახურში.

ამჯერად, 2011-2012 წლებში პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გლდანის ციხის შვიდ ყოფილ თანამშრომელს შეეფარდა. ერთ-ერთი მათგანი — ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, უკვე იხდის სასჯელს სხვა ეპიზოდზე, რომელიც ასევე „ციხის სკანდალს“ უკავშირდება.

პარასკევს სასამართლომ ნუგზარ მარგიას, მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ვახტანგ გუგუციძის, დავით ჩიხლაძის და დავით ნოზაძის მიმართ აღკვეთის ზომად პატიმრობა გამოიყენა. 

წინასასამართლო მოსმენა 5 ივლისს არის ჩანიშნული. 

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
სასამართლომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ სცნო

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პატიმრებს უკანონოდ უზღუდავდნენ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლებას. პატიმრებს არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. ციხის თანამშრომლებს პატიმრები საკნიდან თვითნებურად გამოჰყავდათ, კეტავდნენ მათ აბანოში, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით უსწორდებოდნენ მათ.

გარდა ამისა, პატიმრების მორალური ტანჯვის მიზნით, მათ სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში, გარდაცვლილ პირებთან ერთად გარკვეული დროით ათავსებდნენ. 

რაც შეეხება „ციხის სკანდალს“, ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო. იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა. 

2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა. იმ დროისათვის პატიმართა წამების საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობაში მიცემული იყო საპატიმრო დაწესებულებების 70 თანამშრომელი, მათგან 42- ს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.


ყველა ახალი ამბავი
0