სასამართლომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ სცნო

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს ყოფილი ჩინოვნიკები დამნაშავედ სცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ პირთა ჯგუფი ოპოზიციის წარმომადგენელთა კომპიუტერებზე ვირუსებს გზავნიდა და შემდეგ Skype-ით მათ საუბრებს ისმენდა.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები დამნაშავედ სცნო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების უკანონოდ მოპოვებული აუდიოჩანაწერების გავრცელების საქმეში.

სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს და ამავე დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ლევან ქარდავას.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული მოსმენის უფლება აღარ ექნება

საქმე ეხება ფარულ აუდიოჩანაწერებს და კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას რამდენიმე დღით გაუჩინარებას 2012 წლის სექტემბერში.

სასამართლომ სამივე განსასჯელი დამნაშავედ მიიჩნია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ეს ვადა მათ შეუმცირდათ 1 წლამდე და 6 თვემდე „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე.

ამას გარდა, სასამართლომ ხიზანიშვილი უდანაშაულოდ სცნო სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდების ნაწილში. პროკურატურა ხიზანიშვილს ადანაშაულებდა სურმავასთვის დავალების შესრულებისთვის გადასაცემი 150 ათასი ევროს მითვისებაში.

ლელუაშვილი კი სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემების უკანონოდ გამოყენებაში ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მას ეს ვადა 3 წლამდე შეუმცირდა.

ხიზანიშვილი სასამართლოს დარბაზში დააკავეს, ხოლო ლელუაშვილი და ქარდავა უკვე იმყოფებიან პატიმრობაში.

ქარდავას მისჯილი აქვს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე; ხოლო ლელუაშვილი წინასწარ პატიმრობაშია ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე.

კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გააკეთა სკანდალურ ვიდეოკადრებზე

ხიზანიშვილი სასამართლომ გირაოთი 2013 წლის იანვარში გაათავისუფლა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და „ქართული ოცნების“ ლიდერთა საუბრების აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ისინი „ოცნების“ სხვა ლიდერებისა და ივანიშვილის საქმიანობას არჩევდნენ, ამ საუბრებში მრავლად იყო უცენზურო ლექსიკა. ვიდეომიმართვაში სურმავა აცხადებდა, რომ ეს ფარული ჩანაწერები ივანიშვილის დავალებით იყო ჩაწერილი.

გამოძიება აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს ჩანაწერები შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტშია გაკეთებული. ამით დაკავებული იყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელთა კომპიუტერებზე გზავნიდა ვირუსებს და ისმენდა მათ საუბრებს Skype-ით. ამ ჩანაწერების გასავრცელებლად გამოიყენეს ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელსაც 150 ათასი ევრო გადაუხადეს და რამდენიმე დღით გადამალეს.

ყველა ახალი ამბავი
0