თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს ისეთ ფასად ყიდიან, როგორსაც მათ ადგილობრივი ბაზარი კარნახობს, —უთხრა „Sputnik საქართველოს" „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის" პრეზიდენტმა გიორგი გიგოლაშვილმა.
„უცხოეთიდან მედიკამენტის შემოსატანად კომპანია დოლარს ან ევროს ყიდულობს. თუ რამდენიმე თვის წინ ის 100 დოლარში 245 ლარს იხდიდა, დღეს მას იმავე რაოდენობის ვალუტაში 269 ლარის გადახდა უწევს, ბუნებრივია ეს მედიკამენტის ღირებულებაზეც აისახება" —აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.
„საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის" პრეზიდენტის აზრით, თუ ლარი გაუფასურებას შეწყვეტს და ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილური გახდება, ეს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლებს გააიაფებს, რადგან რაც უფრო მაღალია ფასი, პროდუქციაც უფრო ნაკლები იყიდება. აქედან გამომდინარე, მაღალი ფასის შენარჩუნება თვითონ კომპანიებისთვისაც არ იქნება მომგებიანი.
გიორგი გიგოლაშვილს არც ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ფასებზე მორიგების შესაძლებლობის სჯერა.
„ფარმაცევტულ ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების გარდა ბევრი წვრილი მოთამაშეცაა და შესაბამისად არის კონკურენციაც. ამიტომ არ არის მარტივი მათ შორის გარიგების მიღწევა. თუნდაც ერთმა მათგანმა შეთანხმება რომ დაარღვიოს და ფასი დაწიოს, სხვები წაგებულები დარჩებიან"- მიაჩნია გიორგი გიგოლაშვილს.
იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „TED's solutions" მმართველი პარტნიორი ირაკლი თედორაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან.
„რადგან ნედლეულის იმპორტირება უწევს ფარმაცევტულ კომპანიებს, შემოტანილი ნედლეული პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს, ეს კი საბოლოოდ ჯერ წამლის ფასზე, ხოლო შემდეგ მოსახლეობის ჯიბეზე უარყოფითად აისახება", — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ „Sputnik –საქართველოსთან“ საუბრისას.
ირაკლი თედორაძეს არ სჯერა, რომ ლარის გამყარება მედიკამენტებს გააიაფებს.
„მოსახლეობა ეჩვევა მაღალ ფასს და ბიზნესიც ამით სარგებლობს. ამიტომ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ერთხელ გაძვირებული პროდუქტის საგრძნობლად გაიაფება, როგორც წესი არ ხდება", — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე შემაშფოთებელს უწოდებს ფაქტს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიკამენტებზე ფასები 15%-ით გაიზარდა.
„ეროვნულ ბანკს თუ კომპეტენცია გააჩნია, პირველ რიგში, ეს არის ინფლაციის მიმართულებით და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ კურსის ცვლილება არ დაეტყოს ფასების გრძელვადიან ცვლილებას", – განაცხადა ზოიძემ.
2017 წლის იანვარ-სექტემბერში მედიკამენტების ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა. 2012 და 2013 წლებში პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა. 2014 წლიდან მედიკამენტებზე ფასები ყოველწლიურად იზრდება. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 18.3%, 2015 წელს დაფიქსირდა, — აღნიშნულ ინფორმაციას Factcheck.ge „საქსტატის" ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.