აბაშიძე: საქართველო-რუსეთს შორის შეთანხმება უპრეცედენტოა

გამოწერა
საბაჟო მონიტორინგის საკითხზე საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ტელეარხ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შეათანხმებას 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ქართულმა მხარემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა. პირობას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გავლით რუსეთიდან სავაჭრო დერეფნები გადიოდეს და ტვირთების ნაკადის კონტროლისა და მათი მარკირების მიზნით მხარეებს საერთაშორისო შუამავლები უნდა მოეწვია. შედეგად არჩევანი შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე შეჩერდა.

„ამ კონტრაქტების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. ასეთი პროექტის პრეცედენტი არ არსებობს, უაღრესად არაორდინალური პროექტია. ჩვენც დიდი დრო დაგვჭირდა ამ კონტრაქტების გაფორმებაზე და როგორც აღმოჩნდა — რუსებს კიდევ უფრო მეტი. ჩვენ წელიწადნახევრის წინ დავამთავრეთ ამ კონტრაქტებზე მუშაობა და ვაცნობეთ რუსებსაც და შვეიცარიელ პარტნიორებსაც, რომ დავასრულეთ და მზად ვართ კონტრაქტების ხელმოწერისთვის“, — განაცხადა აბაშიძემ.

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
სამხედრო გზა და ვაჭრობა – რაზე იმსჯელეს აბაშიძემ და კარასინმა
 

ოქტომბრის შუა რიცხვებში კარასინმა საქართველო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქართულ მხარეს სურს, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს. 

„შვეიცარიელებს ჩვენს მიმართ არანაირი კითხვები არ აქვთ“, — განაცხადა აბაშიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრაზე კარასინთან ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

„ასე მოვილაპარაკეთ, რომ უახლოესი 2 კვირის მანძილზე, შვეიცარიაში შეხვდებიან საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები, გაივლიან დეტალებს კონტრაქტებთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა მოხდეს კონტრაქტებზე ხელმოწერა. ამის შემდეგ გადავალთ იმპლემენტაციის ეტაპზე”, — განაცხადა აბაშიძემ.

ამ ეტაპზე შეხვედრის კონკრეტული თარიღი უცნობია.

„ბოლო შეხვედრაზე ჩვენ უკვე აღარ განვიხილავდით, ვის მხარეზეა ბურთი. ჩვენ ვთქვით, მოდით დავასრულოთ ეს საუბრები, შევიკრიბოთ და ამ მოსამზადებელ ეტაპს წერტილი დავუსვათ და გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე, კონტრაქტებს მოვაწეროთ ხელი. ეს უკვე შეთანხმების რეალიზების დასაწყისი იქნება“, — აღნიშნა აბაშიძემ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. 

ჟენევის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრებმა თავისი ნაყოფი უკვე გამოიღო. რუსულ ბაზარზე დაბრუნდა ქართული ღვინო და ბორჯომი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ქვეყნებს შორის ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ამჟამად რუსეთი ქართული პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.

ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგია 2015 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მეტად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი ქართული ავიაკომპანია "აირზენას" (Georgian Airways) ეკიპაჟის წევრებისთვის. ავიაკომპანია რუსეთის ქალაქებში რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0