თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებისა და 200 მლნ აშშ დოლარის ნიშნულამდე მიღწევის იმედი აქვს, ნათქვამია ბელარუსის სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორშაბათს ლუკაშენკომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გამართა, რომელიც მინსკში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.
„დასახული მიზანი — ქართულ-ბელარუსული სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში — საკმაოდ რეალურია. მოცემული მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი ამ წელს უკვე გვექნება", — განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოსა და ბელარუსს შორის 2017 წლის პირველ ექვს თვეში სავაჭრო ბრუნვამ 56 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, მათგან 44 მლნ საქართველოში ბელარუსული პროდუქციის იმპორტზე მოდის.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტის საკითხი, რომელიც 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.
„ჩვენ ამაზე მოვილაპარაკეთ და ახლა თქვენთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რათა კვალი დარჩეს, პირველ რიგში ეკონომიკასა და სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის სფეროში", — აღნიშნა ლუკაშენკომ.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თბილისმა და მინსკმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ქართველ და ბელარუს ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცებისთვის.
„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს და დინამიკა ძალზე ინტენსიურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობა განმტკიცდეს", — ციტირებს კობახიძეს „Sputnik ბელარუსი".
საქართველო და ბელარუსი წარმატებით თანამშრომლობენ — 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24%-ით გაიზარდა, ხოლო ქართული საქონლის ექსპორტი — 50%-ით. რაც შეეხება ტურიზმს, 2017 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით მეტი ტურისტი ეწვია.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი არ იქნება საქართველოში — ის თბილისს 2015 წლის აპრილში ეწვია.