თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ბელარუსი მზადაა, საქართველოსთან ახლომეგობრული ურთიერთობები განაგრძოს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას.
"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ… თქვენ უცხოები არ ხართ… ჩვენ ისტორიაში საერთო ფურცელი ბევრია. მთელი კომპლექსი შთაბეჭდილებების, ცოდნის, ჩვენი კავშირების გვიბიძგებს, რომ შემდგომაც გვქონდეს ძალზე მეგობრული ურთიერთობები ქართველ ხალხთან", — განაცხადა ლუკაშენკომ.
პრეზიდენტი მიესალმა იმ გარემოებას, რომ ბელარუსი და საქართველო ბოლო დროს ურთიერთობების განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ.
"ჩვენ, პრაქტიკულად, საკამათო საკითხები არ გვაქვს. ჩვენი ეკონომიკები ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ. ყველაფერი, რისი წარმოების უნარიც გვაქვს, ავსებს ერთმანეთს: თქვენ აწარმოებთ იმას, რაც ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ვაწარმოებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ", — აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან განაცხადა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ბელარუსის იმედი ჰქონდეს, როგორც ეს ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების შემთხვევაში იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ორ ხალხთა შორის ისტორიულ მეგობრობაზე, რაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე დადებით გავლენას ახდენს. მან ისაუბრა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურებაზე ბოლო დროს სხვადასხვა, მათ შორის, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების, ასევე 2016 წლის ზაფხულში თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნის შემდეგ.
"მოხარული ვართ, რომ ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, იზრდება საქონელბრუნვა. არის ახალი ერთობლივი წარმოება. მოხარული ვართ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლის. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატში", — განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის პირველ ექვს თვეში 56 მლნ აშშ დოლარს ჭარბობდა, აქედან 44 მლნ ბელარუსული საქონლის საქართველოში იმპორტზე მოდის.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.