საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მინსკში მოლაპარაკებებს გამართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტების თავმჯდომარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას თანამშრომლობის შესახებ

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 20-22 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ეწვევა — ეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში.

ვიზიტის ფარგლებში ქართული საპარლამენტო დელეგაციის პირველი შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩს შეხვდება, რის შემდეგ პრესისთვის ისინი ერთობლივი განცხადებით გამოვლენ.

კობახიძე და მიასნიკოვიჩი ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო საქართველოსთან მეგობრობის მომხრეა

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან, პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეისთან, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე პაველ კალაურთან.

ვიზირის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ბეგაძე, კობა კობალაძე, ლაშა დამენია, ალექსანდრე ქანთარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საქართველო და ბელარუსი წარმატებით თანამშრომლობენ — 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24%-ით გაიზარდა, ხოლო ქართული საქონლის ექსპორტი — 50%-ით.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს.

ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი არ იქნება საქართველოში — ის თბილისს 2015 წლის აპრილში ეწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0