თბილისში ქართული და უცხოური პრესის წარმომადგენლებთან საუბარი ცნობილმა რეჟისორმა ქართული ეროვნული სამზარეულოს შესახებ დაიწყო. ლინჩი გამოტყდა, რომ საქართველოში ყველაფერი გასინჯა — ხაჭაპურიდან ნიგვზიან ბადრიჯნამდე. რაც მთავარია, პირველად გასინჯა ქართული ღვინო და აღტაცებული დარჩა. არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა დევიდ ლინჩზე ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა და ცეკვებმა.
„გუშინ, როდესაც რესტორანში ვვახშმობდით, ჩვენ წინაშე წარდგნენ ქალები, რომლებიც მუშაობდნენ რესტორანში, და გვიმღერეს. ეს იყო სასწაულად სუფთა, ძლიერი ხმები, რომლებსაც დიდი ჰარმონია მოჰქონდათ“, — აღნიშნა ლინჩმა.
სწავლა საქმეში
ლეგებდარულ რეჟისორთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის დაგეგმილი გახსნა. რეჟისორის თქმით, ეს სკოლა ტექნიკური ცოდნის მიღების და მსოფლიო კინემატოგრაფიის დიდი პიროვნებების მაგალითზე კინოს კეთების დანახვის უნიკალურ შანსს იძლევა.
„სკოლების დიდი ფანი არ ვარ. ვაღიარებ, ყოველთვის მძულდა უნივერსიტეტები. ეს იყო ოთხი დაკარგული წელი. მაგრამ ახლა, წლების შემდეგ, მჯერა, რომ ისინი ტექნიკური ცოდნის მიღების უნიკალურ შანსს იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ კამერის პრინციპები, ფლობდე ტექნიკურ უნარებს. ამ სკოლის მეორე პრინციპი იქნება — სწავლა საქმეში, ანუ სრულყოფა და დიდი კინემატოგრაფისტების გამოცდილების გამოყენება“, — განაცხადა ლინჩმა.
რეჟისორმა დამწყებ კინემატოგრაფისტებს რამდენიმე რჩევა მისცა. როგორც ლინჩმა აღნიშნა, კინოს სფეროში, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში მუშაობისას, მნიშვნელოვანია მუშაობისგან სიამოვნება მიიღო და არ იფიქრო ფულზე.
„მუშაობით უნდა ისიამოვნო. საერთოდ ყოველი დღით უნდა ისიამოვნო, გადაიღო ლამაზი კადრები. ყოველთვის მიყვარდა ჩემი საქმე და მას მხოლოდ სიყვარულით ვაკეთებდი. ეს მთავარი წესია“, — აღნიშნა რეჟისორმა.
როგორც კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელმა გიგა აგლაძემ აღნიშნა, საქართველოში დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის დაარსების ზუსტი თარიღი, ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები გახდება ცნობილი თბილისში რეჟისორის ვიზიტის დასრულების და ხელისუფლებასთან დეტალების განხილვის შემდეგ. მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება, აღნიშნა აგლაძემ.
თუ მოწყენილი ხარ, არ იმუშავო, დაიძინე
მაგრამ დევიდ ლინჩის საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი გახდა ტრანსცენდენტალური მედიტაცია, რომლით ის 1970-იანების ბოლოდან დაკავდა. რეჟისორი დღეში ორჯერ მაჰარიში მაჰეშ იოგას სისტემით ტრანსცენდენტალური მედიტაციით არის დაკავებული.
2000-იან წლებში რეჟისორმა, რომელიც მანამდე ინტერვიუს დროს საკუთარი მორხცვობით იყო ცნობილი, სახელი გაითქვა როგორც „მსოფლიოში მოხეტიალე ორატორმა და მედიტაციის მქადაგებელმა“. მაჰარიში მაჰეშ იოგასთან სტაჟირების გავლის შემდეგ, კალიფორნიაში ის „სხვა ადამიანად“ დაბრუნდა. იმ დროიდან მან მხოლოდ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სამაგიეროდ მოინახულა 30 ქვეყანა, სადაც სტუდენტების წინაშე ტრანსცენდენტალური მედიტაციის შესახებ ლექციებს კითხულობდა.
ტრანსცენდენტალური მედიტაციის ძირითადი პრინციპი დევიდ ლინჩმა ძალან მარტივად ახსნა. ლინჩის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერ ადამიანად გახდომის ხელოვნება.
„ჭეშმარიტი ბედნიერება გარეთ კი არ არის, ის ჩვენშია. ნეგატივიზმი — კრატიულობის მტერია. თუ მოწყენილი ხარ, დაიძინე, სამსახურში არ წახვიდე. სტრესი, ბოღმა, შფოთი, ნაღველი, დაძაბულობა — ყველაფერი ეს ჩვენს მუშაობაში და ცხოვრებაში ხელს გვიშლის. ამ პრაქტიკის მეშვეობით ნამდვილად ბედნიერი გავხდი“, — აღნიშნა ლინჩმა.
ტრანსცენდენტალური მედიტაცია — ეს არ არის რელიგია ან მეტაფიზიკა, სასწრაფოდ აუხსნა ქართველ ჟურნალისტებს გიგა აგლაძემ.
„ეს ჩვეულებრივი ტექნიკაა იმისათვის, რომ ბედნიერი გახდე. აშშ-ში მისი პროპაგანდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. მაგალითად, ეს ისეთივე ვარჯიშია ჩვენი გონებისთვის, როგორც სპორტდარბაზი ჩვენი სხეულისთვის“, — განაცხადა აგლაძემ.
დევიდ ლინჩის ფონდი, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაგაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.
საქართველო და ქართული კინო ლინჩისთვის
„საქართველოს, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის კინოს შესახებ არაფერი ვიცოდი. საქმე ისაა, რომ კინოს კეთება მიყვარდა, მაგრამ ყურება არა. მაგრამ გუშინ გავიგონე, რომ ფედერიკო ფელინი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ქართულ კინემატოგრაფიას ძალიან აფასებდა. და აქ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ კინოსა და საერთოდ ხელოვნების მიმართ ამ ქვეყანაში ძალიან ძლიერი გრძნობა არსებობს. ამას ჰაერში ვგრძნობ. მთელი საქართველო — ხელოვნებისთვის განსაკუთრებული ადგილია“, — განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ ლინჩმა.
რეჟისორის თქმით, ყოველი ქვეყანა, თითოეული ადამიანი, რომელსაც ის შეხვდება, მისი შემოქმედებისთვის საოცარი შთაგონების წყარო ხდება. გამონაკლისი არც საქართველო იქნება, რომელიც, როგორც ლინჩმა აღნიშნა, საოცარი კულტურის, ფანტასტიკური გრძნობების, შთაგონებისა და შემოქმედებისთვის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანაა.
როგორც ადრე აღინიშნა, მსოფლიო კინოს ლეგენდა, ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოში ოთხ დღეს დარჩება — 18-დან 21 ნოემბრამდე. თბილისში ცნობილი ამერიკელი საკუთარი ფონდის წევრებთან, კერძოდ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბობ როტთან ერთად ჩამოვიდა. მისი შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, დევიდ ლინჩსა და მის გუნდს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.
ლინჩი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ორშაბათს კინორეჟისორი თბილისელებს შეხვდა. დღესვე გაიმართა რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმ „მალჰოლანდ-დრაივის“ (Mulholland Drive) ჩვენება.