სანამ ზოგი მუშაობს და ზოგიც უმუშევრობას დარდობს, ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება. ფასები კატასტროფული სისწრაფით მიიწევს ზემოთ, ხოლო ფაროსანითა და მოუსავლიანი წლით დაზარალებული მოსახლეობა შიშით ელოდება მკაცრ ზამთარს, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, სინოპტიკოსების ვარაუდით, ცივიც იქნება. პარლამენტმა, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოში დაიბაროს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და გაარკვიოს, რა ბედი ელის ლარს და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას, რატომაა ასეთი გულუხვი ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიმართ და როდემდე უნდა გაგრძელდეს ლარის თავდაუზოგავი რბოლა?
კომენტარები, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით კეთდება, ლარის კურსზე არანაკლებ შოკისმომგვრელია. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არც აცია, არც აცხელა და ლარის კურსის დაცემა არა მთავრობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობას, არამედ ფეისბუქში არსებულ მოლოდინებს დაუკავშირა. თუკი ლარის კურსს მართლაც ფეისბუქი განსაზღვრავს და არა — ბლუმბერგის ვაჭრობა, დავდოთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური კომენტარი, ვიოცნებოთ და ვიწინასწარმეტყველოთ.
ასე მაგალითად, ექსპერტი გია ხუხაშვილი ადრე ორიგინალურად გვამშვიდებდა, დეკემბრის ბოლოს ხალხი დანაზოგ დოლარებს ინდაურის საყიდლად გადაახურდავებს და ლარი ისევ გამყარდებაო.
არანაკლებ ორიგინალურია ცნობილი ეკონომისტი და ექსპრემიერ ნიკა გილაურის ძმა, ირაკლი გილაური. მან ლარის გაუფასურება ზამთრის მოსვლას და აციებას დაუკავშირა. მისი აზრით, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით აციების გამო გაზის შესყიდვა ხდება, არის ნეგატიური მოლოდინები და ამიტომაც ლარის კურსი ეცემა.
ახლა უფრო სერიოზული მოსაზრებები განვიხილოთ. ეკონომისტი აკაკი ჩარგეიშვილი „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს პასუხი უნდა მოვთხოვოთ:
„ისინი პარლამენტში აუცილებლად უნდა დავიბაროთ იმ მიზნით, თუ რას აკეთებენ ლარის გაუფასურების შეჩერების მიმართულებით, ან რას გააკეთებენ. მოკლევადიანი, ხელოვნური მოქმედებებით წინ ვერ წავალთ. ჩვენ გვირჩევნია ის გადაწყვეტილებები, რაც ეკონომიკას და თავისუფალ საბაზრო კონკურენციას სჭირდება, მიიღოს სახელმწიფომ, რათა უფრო მეტად გრძელვადიანი შედეგები გვქონდეს. ერთდღიანი შეჩერებას ეფექტი არ აქვს და კურსი სამი დღის შემდეგ ისევ გაიქცევა. კონკრეტულ ცხელ სიტუაციაში დაბარება კი საჭიროა, მაგრამ უფრო გრძელვადიანი გეგმების შესახებ უნდა ვიცოდეთ. უნდა გვქონდეს მანამდე წარმოდგენილი გეგმა, რას აპირებდნენ. მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ, თუ პროგნოზები დათვლილი ჰქონდათ, მაშინ რატომ ხდება ასეთი გაუფასურება. კონკრეტულ კითხვებს ვერ ვუსვამთ ეროვნულ ბანკს. ეს არის მთავარი პრობლემა“, — აღნიშნავს ჩარგეიშვილი.
„ბანკებმა სამშენებლო, სააფთიაქო, განათლების ბიზნესი და საფონდო ბირჟა მთლიანად ჩაიგდეს ხელში და კერძო მესაკუთრეს წილიც არ დაუტოვეს. მონოპოლიზირებამ ეკონომიკას თავისი უარყოფითი შედეგი დაუტოვა, მათ შორის, გაუფასურებული ლარი“, — აცხადებს ჩარგეიშვილი.
ძალიან საინტერესოა „შენების“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ შერგელაშვილის მოსაზრებაც. ის თვლის, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა მეტად გაუმჭვირვალეა, რასაც სათავე ნაციონალური მოძრაობის დროს დაედო და დღესაც გრძელდება.
მისი აზრით, ეროვნული ბანკი ჭრელო პეპელას გვეთამაშება. მათ სავალუტო რეზერვები შეავსეს ზაფხულში, როცა ლარი მყარდებოდა, ახლა კი ამტკიცებენ, რომ აღარ ერევიან. შერგელაშვილი ბანკის გაუმჭვირვალე საქმიანობის გამო „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.
„არ ვიცით ვაჭრობის მოცულობა ბლუმბერგზე და ძალიან მცირე მოცულობის გარიგება შეიძლება, კურსზე აისახოს. ნაციონალებმა ეროვნული ბანკი გაავსეს პროკურორებით და ძალოვანებით, რომლებიც ურეკავდნენ ბანკებს და ასე დგინდებოდა კურსი. ახლა კი „ეკონომიკური ძალაუფლება“ მთლანად ბანკებმა აიღეს და ისინი ურეკავენ „პროკურორებს“ და ასე ადგენენ კურსს. საოცარი ნიადაგია ურთიერთხელების მოთბობისათვის“…
ისე, როცა ხელისუფლებაში პირველი პირები გამოცდილი ბანკირები არიან, ცოტა მეტი ახსნა-განმარტება კი უნდა მისცენ მოსახლეობას თუნდაც იმ კუთხით, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში — ლარი დოლართან მიმართებაში მართლაც 3-მდე ავა თუ 2,5-ზე დასტაბილურდება, როგორც ეს მომავალი წლის ბიუჯეტითაა გათვლილი. ამასობაში ჩვენი ხელფასები — ფაფუ, მსყიდველობით უნარს კარგავს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალის გამო თავჩამოხრჩობილი ადამიანების ისტორია ახალ ეგნატე ნინოშვილს ეძებს 21-ე საუკუნის სიდუხჭირის, დაუნდობლობისა და საბანკო სექტორის მიერ დაკაბალებული ყოფის აღსაწერად.
გამოსავალი ქართველთა ნაწილმა მაინც იუმორში მოძებნა — ფეისბუქში გავრცელდა „ლარის გამოლოცვა“. ჩვენი პროგნოზით და ქუმსიშვილის კურთხევით სავარაუდოა, რომ ლარის სიცივით შეშინებული კურსი ქვემოთ წამოვა და საახალწლოდ 2,5-ზე შეჩერდება. მე ვინატრე და…